top of page

გლობალური ბიზნეს ფორუმი

Updated: Nov 1, 2021

2017



"საქმიან ქალთა გაერთიანების" და "საქართველოს ბანკის" ორგანიზებით 15 სექტემბერს საქართველომ პირველ "გლობალურ ბიზნეს ფორუმს" უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება გამორჩეული იყო იმით, რომ უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა. ჯამში ფორუმს 200-მდე ადამიანი დაესწრო.

„გლობალურ ბიზნეს ფორუმში" აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის წარმატებით წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს ეწვია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩი Dr. Jassim Mohamed Al Qasemi.

ღონისძიების განმავლობაში დაგეგმილი მოხსენებების, მასტერკლასების და პანელური დისკუსიების გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო „საქმიან ქალთა გაერთიანებას“ და „ყატარის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

„ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანების" სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ღონისძიების მთავარი მიზანია, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანების" პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.


საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები. ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას.“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.

როგორც „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ აღნიშნა ღონისძიება აუცილებლად მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.

„საქმიან ქალთა გაერთიანება“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას და საქმიანი ქალების ხელშეწყობას საქართველოში. ღონისძიებაზე მუშაობის ფარგლებში ბევრი ახალი იდეა და თანამშრომლობა გაჩნდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მომავალ ფორუმამდე მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნული პარტნიორობის გამყარებას.

4 views0 comments

Kommentare


bottom of page