ინტეგრირება ციფრულ სამყაროსთან
გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ვიმყოფებით, ინდივიდუალური პოტენციალის განვითარება და შემდგომ საქმეში გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კრიტერიუმად იქცა.
Ჩვენი ცხოვრება გაციფრულდა, ბიზნეს სექტორებმა ციფრულ რეალობაში გადაინაცვლეს და პერსონალი ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, მსოფლიო ახალ გამოწვევებს იღებს, ჩვენ კი იმისათვის რომ პროცესს არ ჩამოვრჩეთ სიახლეებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და საკუთარი რესურსების ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია გვჭირდება.
Მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ის სივრცეა, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვება და სწავლა უმეტეს შემთხევვაში უსასყიდლოდაა შესაძლებელი, ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა ინტერნეტის გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით საგრძნობლად დიდია.
Სტატისტიკის მიხედვით (ITU-International Telecommunications Union) მსოფლიოს 50%-ზე მეტი ქალი ინტერნეტს არ/ვერ მოიხმარს, შემაშფოთებელი სტატისტიკის მიღმა კი ისეთ ფუნდამენტურ მიზეზებს ვაწყდებით, როგორიცაა შემოსავლების დაუბალანსირებელი ზღვარი, რომელიც თითქმის ყოველთვის უფრო დაბალია ვიდრე მამაკაცების; ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა ტექნოლოგიებში თანხის ინვესტირებისთვის; სოციალური პასუხისმგებლობები; დასაქმების თანასწორობის ნაკლებობა; სამუშაო ადგილები; და რაც ყველაზე მთავარია საზოგადოებრივი აზროვნება.
ჩამოთვლილი ფაქტორები კი ინტერნეტის მოხმარების სიხშირეს საგრძნობლად ამცირებს. არ არის ინტერნეტი, არ არის კავშირი სიახლეებთან.
Პრობლემის გამომწვევი მიზეზები
პრობლემის წარმომშობ პირველ მიზეზად განათლების დონე და ადრეულ ასაკში მათ ინტერესებთან გულგრილი დამოკიდებულება შეიძლება დასახელდეს, რადგან ბევრ ქალს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ტექნოლოგიური ინდუსტრია, მასზე მუშაობა ან STEM-ზე (science, technology, engineering and mathematics) დაფუძნებული კარიერა. გარდა ინფორმაციის არქონისა, უამრავი ქალი აღნიშნავს, თუ რამდენად რთულია მათთვის კომპანიის კორპორატიულ კიბეზე ასვლა და შესაძლებლობების ასამაღლებლად პოზიციის დაფიქსირება, შემდგომ კი მათი აზრის გათვალისწინება, რადგან არასანდო დამოკიდებულება და არამეგობრული სამუშაო გარემო პირდაპირ აისახება ქალების თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე.
UNESCO-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ქალები, რომლებიც დიდ გარღვევას ახდენენ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში და იკავებენ ტოპ მენეჯმენტის პოზიციებს, არსებულ პოზიციაზე დიდხანს არ რჩებიან, რის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზადაც დაუფასებლობის განცდა სახელდება.
როგორ გავუმკლავდეთ მოცემულ ვითარებას?
ყველაზე დიდ გამოწვევას მაინც მოცემულობასთან გამკლავება და აღმოფხვრის ხერხების მოძებნა წარმოადგენს. აუცილებელია ქალებისთვის სწორი კომუნიკაციის დაგეგმვა, სადაც ნათლად იქნება ნათქვამი თუ რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ პიროვნული განვითარებისთვის ციფრულ სამყაროსთან ინტეგრაციით, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს დამწყები და შემდგარი ბიზნესისთვის და რამხელა შესაძლებლობის მომტანია ციფრულ ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია.
დასაწყისისთვის საჭიროა მათ საბაზისო ცოდნის მნიშვნელობა გავაცნოთ, რათა შეძლონ აღქმა ტექნოლოგიური უპირატესობებისა და შეძლონ საკუთარი პოტენციალის გაციფრულება, რაც მისცემს მათ საშუალებას გახდნენ საკუთარი თავის თანამედროვე და გაუმჯობესებული პერსონები, პერსონები რომელთათვისაც ციფრულ სამყაროში კრეატიულობის და შესაძლებლობების ზღვარი არ არსებობს.
პირველი ნაბიჯი გამოწვევის დასაძლევად არის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, რათა ყველა ასაკის ქალმა ერთნაირად სწორი ფორმით გაიცნოს ტექნოლოგიების და ციფრული სივრცის კონცეპტუალური იდეა. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში - ინტერნეტის მეშვეობით ყველა სახის პროდუქტი, იქნება ეს განათლება, პიროვნული განვითარება თუ ბიზნესის პროექტირება, გახადოს ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და მარტივი. Მოცემული იდეა მოგვცემს ერთიან სურათს, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ქალები, რომლებიც რეალიზდებიან იმ ტექნოლოგიურ ეშელონებში, სადაც მათი კრეატიულობა, საქმისადმი ერთგულება და პროფესიის სიყვარული სრულყოფილ პროდუქტს ქმნის, აღწევენ წარმატებას, რეალიზდებიან საქმეში და ქმნიან მომავალს.
აუცილებელი პირობა პრობლემის მოსაგვარებლად
პირველ რიგში საჭიროა ინიციატივის გამოჩენა, შემდეგ კი საერთო ხმა, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას ცვლილებებისკენ. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც გაზრდის მოზარდი გოგონების ხელმისაწვდომობას და მათ მიერ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას, უნდა ითვალისწინებდეს თანმდევ არსებულ გენდერულ ბარიერებს, განსაკუთრებით კი სოციალურ ნორმებს, რომლებიც მამაკაცების მიერ ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ფლობას და კონტროლს უჭერს მხარს.
აღსანიშნავია ასევე გარემო ფაქტორები, რომლებიც მეტწილად მნიშვნელოვან და ხშირ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს თამაშობენ მოზარდი გოგონების ცხოვრებაში პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერული განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპზე. ამ შემთხვევაში მთავარი გარემო ფაქტორი მშობლები და სხვა ოჯახის წევრები არიან, რომელთა არქაული როლის ფორმულირების საშუალებაც მშობლებისთვის განკუთვნილი ციფრული წიგნიერების ტრენინგების მეშვეობით გვეძლევა. ტრენინგების მეშვეობით მოხდება ერთგვარი “ინვესტირება” მშობლებსა და ოჯახის წევრებში, რათა ისინი ახალგაზრდული მისწრაფებებისა და ინტერესების არა დამხშობად, არამედ ხელშემწყობ ფაქტორებად ვაქციოთ.
Საჭიროა ასევე შევიმუშავოთ საგანმანათლებლო პროგრამები საერთო ინიციატივის ფარგლებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების თანაბარ მონაწილეობას მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM), აამაღლებს მათ ცნობიერებას ციფრულ და ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში და გააცნობს მოქალაქეობრივ თუ ციფრულ უფლებებს, რაც თავისთავად მოიაზრებს უწყვეტ განვითარებას და შეუზღუდავი შესაძლებლობების სპექტრს ძლიერი და თავდაჯერებული ქალებით, ქალებით რომელთა ინსპირაციულ შემოქმედებითობას საზღვრები არ გააჩნია.
მოქმედება, რათა ჩვენი ხმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა ქალმა გაიგოს, საჭიროა დაიწყოს სწორ დროს, სწორი დრო კი - ახლაა.
***
Პრაქტიკული რჩევა
იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, აუგმენტური რეალობა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია თუ სხვა თქვენთვის ჯერ უცნობი ინდუსტრია, უბრალოდ დარწმუნდით, რომ საკითხის შესახებ ყველაფერი გესმით. წაიკითხეთ, მიიღეთ ინფორმაცია და ივარჯიშეთ, გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რისკენ მიისწრაფის მსოფლიო, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს სამყარო და საზოგადოების მომავალი, დაფიქრდით იმაზე, თუ სად ხედავთ საკუთარ თავს; პროცესებზე პასიური დამკვირვებელის როლში თუ მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართულ მონაწილედ? როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნოლოგიები და ციფრული შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის სრულად გამოსავლენად?
コメント